გადაწყვეტილება, რაზეც "მედიის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელს საუბარი არ სურს, 4 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება. თამარ კინწურაშვილი, ვინც წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ საინფორმაციო კამპანიებში და თავადაც საუბრობდა არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე, დღეს ღიად ტოვებს მთავარ შეკითხვას - აპირებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში.
კინწურაშვილის მსგავსად, კონკრეტული კითხვა კონკრეტული პასუხის გარეშე დატოვეს კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც. "საფარი", "სოროსი" და "ევროპული ორბიტა" დუმს. პასუხს თავს არიდებს ეკა გიგაურიც. მესამე სექტორის წარმომადგენლები "კურიერს" არც ოფისებში დახვდნენ. სატელეფონო ინტერვიუში განმარტება მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გააკეთა.
სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მსგავსად, მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანიც სახელისუფლებო ბერკეტების ხელში ჩაგდება და მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების განხორციელებაში ხელის შეშლაა. "ენჯეოების" მონაწილეობით შესაძლო რადიკალური პროცესის განვითარებაზე პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არასამთავრობოების უცხოელ დონორებს აკისრებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას სამართლიანად მიიჩნევს ოპოზიცია. "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი", სადაც ახლა ხელისუფლების დამხობის გეგმას აქტიურად ამუშავებენ და საარჩევნო უბნის ნაცვლად, ყველას აქციაზე ეპატიჟებიან. სააკაშვილის პარტიიდან შესაბამისი მოწოდებაც გავრცელდა.
დესტრუქცია, პოლარიზაცია და რევოლუციური სცენარი - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ე.წ. მდიდარი "ენჯეოები", რომლებიც მუდმივად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით გამოირჩევიან, ახლაც უცხოელი დამფინანსებლების ახალი დავალების შესაბამისად მოქმედებენ.
საარჩევნო უბანი თუ ქუჩა - რა გზას აირჩევენ არასამთავრობო ორგანიზაციები, 3 დღეში გაირკვევა.