15 აგვისტო 2026,   16:46
ვრცლად
2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვებიდან დღემდე, "ქართული ოცნების" განვლილი გზა და 13-წლიანი მმართველობის შეფასება - რა წერია ბიძინა ივანიშვილის წერილში

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 1-ელ ოქტომბერს არ აქვს არც პერსონალური, არც პარტიული კუთვნილება და ამ დღის მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხია.

"თანამედროვე საქართველოსთვის ერთიანობის, ღირსების და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო" - ამ სიტყვებით იწყებს ის დღევანდელი თარიღის მნიშვნელობის შეფასებას. ივანიშვილი წერს, რომ 13 წლისწინანდელი იდეალები არსად გამქრალა. 1-ელ ოქტომბერს უწოდებს წყალგამყოფს - ავტორიტარიზმს, შიშს, ტერორსა და დემოკრატიას, ეროვნული სუვერენიტეტის ერთგულებასა და თავისუფლებას შორის.

რა გზა გაიარა "ქართულმა ოცნებამ" 2011 წლიდან დღემდე - ბიძინა ივანიშვილი აქცენტს აკეთებს, რთული გამოწვევების ფონზე, ყველა მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე. და წერს, რომ სწორედ "ქართული ოცნებაა" ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანას უწყვეტი მშვიდობა მოუტანა.

დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლა, რომ მუდმივი სიფხიზლე სჭირდება - ამას ბიძინა ივანიშვილი საკუთარ წერილში კონკრეტული არგუმენტებით ხსნის. მიუთითებს გარე ძალების მხრიდან ინსპირირებულ ხელოვნურ პროცესებზე. წერს, რომ ბრძოლის ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის, რაც თავის მხრივ განვითარების, უკეთესი მომავლისა და საქართველოს გაერთიანების წინაპირობაა.

იყო შეცდომებიც, თუმცა არა ისეთი, რომელიც სახელმწიფოს არსებობას დაემუქრებოდა - ბიძინა ივანიშვილი ვრცელ წერილში გუნდის შიგნით ღალატზეც საუბრობს და ახსენებს შიდა მტრებს, რომლებიც გარე ძალების დავალებით ღალატობდნენ მმართველ პარტიას და ქვეყანას.

შიდა და გარე ძალების რადიკალური მიზნების ფონზე, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი 4 ოქტომბრის არჩევნებს კიდევ ერთ გამოცდად ასახელებს. იქვე განმარტავს, რომ 13-წლიანი გამოცდილების მთავარი შედეგი მოვლენების სწორი ანალიზია.

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ვრცელი წერილი დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით გაავრცელა. დღეს ზუსტად 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება", არჩევნების გზით, ხელისუფლებაში მოვიდა.

დღის ამბები