ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონ ლარზე მეტია - გოლფის კლუბი მოედნებით და შესაბამისი სივრცეებით, სამი სხვადასხვა ტიპის რესტორანი, რამდენიმე ბარი, სავარჯიშო და გამაჯანსაღებელ ადგილები, ღია და დახურული აუზი, შეხვედრების ოთახები, სპორტული მოედნები - "პარაგრაფ გოლფი" და "სპა თაბორი" პირველ დამსვენებელს ელოდება. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად გახსნა.
სასტუმრო კომპლექსი "პარაგრაფების" ქსელის მესამე, მაღალი დონის სასტუმროა საქართველოში, რომელიც 177 ნომერს აერთიანებს და უნიკალურია საბაგირო გზითაც, რომელიც დამსვენებელს შესაძლებლობას აძლევს, სასტუმრო "თაბორიდან" 8 წუთში მოხვდეს თავისუფლების მოედანზე. სასტუმრო კომპლექსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილის თქმით, თბილისის ისტორიულ უბანში აშენებული სასტუმრო კომპლექსი ქვეყანას ბევრ სიკეთეს, მათ შორის ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებასა და ტურისტული ნაკადის ზრდას მოუტანს.
"პარაგრაფ თაბორი" გამორჩეული არქიტექტურითა და უნიკალური მდებარეობით, მალე თბილისის სავიზიტო ბარათი რომ გახდება, დარწმუნებულია თბილისის მერი. კახა კალაძემ ახალი ტურისტული მნიშვნელობის ობიექტის შექმნისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ თბილისის მერია დედაქალაქში მსგავსი პროექტების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
თაბორის მთაზე აშენებული სასტუმრო კომპლექსი ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ წარმატებით გახსნილი რიგით მესამე სასტუმროა. მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ვრცლად ისაუბრა ტურიზმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა.
ტურიზმის განვითარების ფონდი, "პარაგრაფ" თავისუფლების მოედანთან და სასტუმრო "ბოდბესთან" ერთად, კიდევ ერთ ახალ კომპლექსს უახლოეს მომავალში აბასთუმანში გახსნის, რომელიც, არქიტექტურითა და მდებარეობით, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მაღალი დონის სასტუმრო იქნება.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი