17 აგვისტო 2026,   19:53
ვრცლად
როდესაც თანხა გადაეცა გრიგოლ ლილუაშვილს რომეო მიქაუტაძისგან ისინი ერთი და იგივე პერიოდში ერთსა და იმავე ადგილას იმყოფებოდნენ - პროკურორის თქმით ლილუაშვილის მიერ ქრთამის აღების ფაქტი მტკიცებულებებით დასტურდება

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ქრთამის აღების ფაქტი არაერთი მტკიცებულებით დასტურდება - ამის შესახებ საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

დღეს ამ საქმეზე ჩვენებას კიდევ ერთხელ აძლევს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე, რომელმაც გასულ სასამართლო სხდომაზე ლილუაშვილისთვის თანხის გადაცემის ფაქტი დაადასტურა.

პროკურორის ინფორმაციით, დანაშაულს ადასტურებს სატელეკომუნიკაციო ქსელებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციაც. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამს უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში იღებდა.

"როდესაც თანხა გადაეცა გრიგოლ ლილუაშვილს რომეო მიქაუტაძისგან, მათი მობილური ტელეფონისა და ინტერნეტ ტრაფიკების შესწავლით დადგენილია, რომ ისინი ერთი და იგივე პერიოდში ერთსა და იმავე ადგილას იმყოფებოდნენ. ამ კუთხით გამოთხოვილია შესაბამისი კომპანიებიდან ინფორმაცია.

ჩვენ ამიტომ ვართ იურისტები, რომ ეს ყველაფერი შევაჯეროთ, დავაკავშიროთ ერთმანეთთან და სასამართლო სწორედ ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. აქ მთავარი ის არის, რომ არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით და მასში ეჭვის შეტანის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება მოცემულობას, რომ მოწმე, რომელიც ფიზიკურად შეესწრო თანხის გადაცემას -  დაცვის მხარეს შევახსენებ, რომ საუბარი არის ქრთამის მოთხოვნასა და გადაცემაზე, ბუნებრივია, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები საჯაროდ და რაც შეიძლება მეტი ადამიანის თანდასწრებით არ ხდება.

[ეს ხდებოდა] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში", - განაცხადა საქმის პროკურორმა.

 

დღის ამბები