09 აგვისტო 2026,   14:39
ვრცლად
2025 წელს საქართველოს ეკონომიკა სტაბილურ ზრდას შეინარჩუნებს - რა წერია აზიის განვითარების ბანკის ანგარიშში

2025 წელს საქართველოს ეკონომიკა სტაბილურ ზრდას შეინარჩუნებს. ანგარიში აზიის განვითარების ბანკმა მოამზადა. ADB-ი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს საქართველოში, მთლიანი შიდა პროდუქტი, 7%-ით გაიზრდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს სტაბილური ეკონომიკური ზრდა გლობალური რისკებისა და გაურკვევლობის პირობებში, მომავლისთვის დადებით მოლოდინებს აჩენს.

აზიის განვითარების ბანკის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს, მომსახურების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში არსებული პოზიტიური მაჩვენებლები, ასევე, უცხოელი ინვესტორების მხრიდან გაორმაგებული რეინვესტირება. ტურიზმიდან მიღებულმა რეკორდულმა შემოსავლებმა კი, მომსახურების ექსპორტი გაზარდა, რაც საქართველოს, როგორც ტრანზიტული მარშრუტის მზარდ როლს ადასტურებს.

საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური საპროგნოზო მონაცემების მიუხედავად, მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ეკონომიკური წინსვლა მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არ აისახება.

მმართველ გუნდში კი მთავრობის მიერ გატარებულ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე აკეთებენ აქცენტს. "ქართულ ოცნების" წევრები ოპონენტებს ახსენებენ, რომ ბევრი საერთაშორისო და ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევით, საქართველო ლიდერ პოზიციას არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში ინარჩუნებს.

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მთავრობა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებისთვის ყველა ნაბიჯს გადადგამს.

აზიის განვითარების ბანკის მსგავსად, რამდენიმე დღის წინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმაც, საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და მაჩვენებელი 7%-მდე გაზარდა.

დღის ამბები