უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობისა და კორუფციული გზით სახელმწიფოს ქონების მითვისების მორიგი ფაქტი გამოააშკარავა. უწყებაში განმარტეს, რომ კომპანია "გურია ენერჯის" დირექტორმა და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელმა, დოკუმენტაციის გაყალბების გზით, ბიუჯეტის კუთვნილი 403 095 ლარი მიითვისეს.
საუბარია ნორიო-ლილოს 3.5 კილომეტრიან გზასა და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც 2022-23 წლებში განხორციელდა, თუმცა, ხიდი ჩაინგრა, ხოლო გზა, ექსპერტიზის დასკვნით, ექსპლუატაციაში არ უნდა შესულიყო.
სუს-ის ინფორმაციით, მამუკა ჟღენტმა და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები დამალეს და დოკუმენტაციის გაყალბებით ასიათასობით ლარს უკანონოდ დაეუფლნენ.
მამუკა ჟღენტი კომპანია "გურია ენერჯის" ასპროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორია. "გურია ენერჯი" ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და 5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 9 ტენდერი აქვს მოგებული. ჟღენტის სახელს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კიდევ 5 კომპანია უკავშირდება, მათგან 4-ში, დაკავებული 100-პროცენტიან წილს ფლობს, შპს "ბ.პ. ბეტონში" კი 25-25 პროცენტიანი წილით ის ბიჭიკო პაიკიძის ბიზნესპარტნიორია. პაიკიძესაც სუსი სახელმწიფო სახსრების მითვისებას ედავება და ის ამჟამად მიმალვაშია. "გურია ენერჯი" ჩოხატაურის რაიონში, სოფელ ერკეთშია რეგისტრირებული. ადგილზე მისულ "კურიერის" ჯგუფს იქ მხოლოდ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დახვდა, ხოლო ბრალდებულის ნათესავებს მასზე საუბარი არ სურდათ.
"გურია ენერჯის" მიერ შესრულებული სამუშაოები რომ უხარისხო აღმოჩნდა, ამას გარდაბნის მოსახლეობაც ადასტურებს. ადგილობრივების თქმით, ნორიო-ლილოს გზის მონაკვეთზე კომპანიამ მუშაობა უჩვეულოდ მოკლე დროში დაასრულა, რასაც მალევე გზის დაზიანება და ახლადრეაბილიტირებული ხიდის ჩანგრევა მოჰყვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ უწყება ქვეყნის მასშტაბით ყველა სატენდერო ხელშეკრულებას აკვირდება და სწავლობს. ანტიკორუფციული დეპარტამენტის პრიორიტეტი მომავალშიც იქნება ნებისმიერი სახის კორუფციული სქემის იდენტიფიცირება და მასზე მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.
შპს "გურია ენერჯის" დირექტორისა და მონიტორინგის კომპანიის თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.