სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონი, რომელიც სამართალდამცველებმა ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს, ნარკოდანაშაულის საქმის მთავარი მტკიცებულებაა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და მოხმარების ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა.
გასაყიდად გამზადებული დიდი ოდენობით მეთადონი პოლიციამ ბათუმში, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი სახლიდან და ავტომობილის ჩხრეკისას ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების ვინაობა "კურიერმა" გაარკვია - თორნიკე კიკნაძე და ლუკა ბუნტური აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმ დროს აიყვანეს, როცა ბრალდებულები ბათუმში ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
"კურიერი" დღეს ბათუმში, დაკავებულების დროებით საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. აფხაზეთის ქუჩა ნომერი 6 სწორედ ის ადგილია, საიდანაც სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან, მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი