წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ირანის მოქალაქეს, რომელიც 50 მილიონის ღირებულების 200 კილოგრამი "ჰეროინის" საქმეზეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, "თევზის საკვებით" დატვირთული სატვირთო ავტომობილი, საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, "წითელი ხიდიდან" შემოვიდა. ტვირთში დამალული იყო 8 ტომარა, რომელშიც 200 კილოგრამი "ჰეროინი“ იყო მოთავსებული.
პროკურატურის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება შეიცავდა როგორც "ჰეროინს“ ასევე ფსიქოტროპულ ნივთიერება "დიაზეპამს".
"დღეს სასამართლოს სხდომაზე მან მისცა განმარტებები, მან არ აღიარა ჩადენილი ქმედება და განმარტა, რომ ტვირთის შესახებ არაფერი იცოდა. ტვირთი დოკუმენტურად დგინდებოდა, რომ შემოვიდა როგორც თევზის საკვები. ტვირთი განკუთვნილი იყო ტრანზიტით ბულგარეთის რესპუბლიკაში გადასატანად", - აცხადებს პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი.
ირანის მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში შემოტანას ედავებიან.