პარლამენტის თავმჯდომარემ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დიაგრამები, რომლებიც საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკების ზრდის ტემპს აჩვენებს - მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ბოლო სამ წელში მოლდოვასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა გასამმაგდა. ეს უპირატესობა კი ქვეყანამ, პირველი კანონმდებლის განმარტებით, ეროვნული პოლიტიკის გატარებით და სარისკო რჩევებზე უარის თქმით მოიპოვა.
მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ეს პოსტი, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ "ქართული ოცნება" დასავლეთის დისკრედიტირებას ცდილობს.
სახელისუფლებო გუნდში კი ორმაგ სტანდარტზე და ევროპის მხრიდან საქართველოს მისამართით უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ საქართველო მოლდოვას ყველა ობიექტური პარამეტრით უსწრებს, თუმცა ევროპული ბიუროკრატია ამ ფაქტს თვალს მიზანმიმართულად არიდებს.
მოლდოვის გარდა, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო რომ კიდევ ბევრ ქვეყანასთან შედარებით ლიდერობს, ამაზე დღეს პრემიერმაც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განაცხადებით, უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, ობიექტურ რეალობაზე კონკრეტული ციფრები მიუთითებს.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე, საქართველოში 8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, რომ ახლა მთავარი პრიორიტეტი მზარდი დინამიკის შენარჩუნებაა.
რიცხვებში გამოხატული პროგრესი, რომელსაც ევროპა არ აღიარებს - მმართველი გუნდი ორმაგი სტანდარტის მორიგ ფაქტზე საუბრობს და აქცენტს საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე აკეთებს. ქვეყნის პირველი კანონმდებელი საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკურ მაჩვენებლებს ერთმანეთს ადარებს, რომლის მიხედვითაც ჩვენი ქვეყანა ბოლო სამ წელიწადში მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს სამჯერ უსწრებს. პროგრესის მიუხედავად, ევროკავშირი უპირატესობას მაინც მოლდოვას ანიჭებს. ეს კი პარლამენტის თავმჯდომარისთვის კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ხელისუფლება ეროვნული პოლიტიკის გატარებისთვის ისჯება.