17 აგვისტო 2026,   09:42
ვრცლად
საცურაო აუზები, ფიტნესის, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები - მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა

საცურაო აუზები, ფიტნესის, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები. ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობისა და ძიუდოს წრეები - თბილისში დღეიდან ახალი მრავალპროფილური საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. სამგორში, ვარკეთილის დასახლებაში მდებარე კომპლექსში ასევე განთავსებულია მედიათეკა, ქორეოგრაფიული სტუდია და სივრცე მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის.

საზოგადოებრივი ცენტრი თბილისის მერიამ ააშენა. პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია. მრავალფუნქციური ცენტრი, რომელიც დღეს თბილისის მერმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა, სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ყოველთვიურად, 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.

უახლოეს პერიოდში ცენტრის გარე პერიმეტრზე დასრულდება საფეხბურთო და პადელის მოედნების მშენებლობა. თბილისის მერიამ ცენტრის მიმდებარედ, გამწვანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დაასრულა.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ პროექტის მიზანი კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

დღის ამბები