ბიზნეს სექტორთან რეგულარული შეხვედრები, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობას სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ირაკლი კობახიძემ ბოლო წლებში საქართველოში ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან, ნეგატიური კამპანიის მიუხედავად, მთავრობამ სტაბილური ეკონომიკა და ლარის კურსი შეინარჩუნა. კორუფციის მცირე დონე, ძლიერი ინსტიტუტები, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა და თავისუფალი ბიზნესი, ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა, ამიტომ პრემიერის განმარტებით, ხელისუფლება პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.
ბიზნესისთვის რომ პოლიტიკურ სტაბილურობას საკვანძო მნიშვნელობა აქვს, ადასტურებს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ლევან ვეფხვაძემ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ბიზნესსა და პრემიერ-მინისტრს შორის ღია და უშუალო დიალოგი შედგა.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ქართული ეკონომიკის განვითარების ტემპი მისაღებია. მათი შეფასებით, არსებული პოზიტიური მონაცემები სამომავლოდ პერსპექტიულ დინამიკას უზრუნველყოფს. ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების აღმოსაფხვრელად კი, როგორც ბიზნესმენებმა განაცხადეს, კონკრეტული წინადადებები განიხილეს.
პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე საუბრისას პრემიერმა 4 ოქტომბრის არჩევნებიც ახსენა და განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ პირობებში ჩაივლის.
"საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა - მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები" - პრემიერ-მინისტრმა ბიზნესსექტორთან დიალოგი ამ კონფერენციის ფარგლებში გამართა. კონფერენცია ბიზნესასოციაციის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.