16 აგვისტო 2026,   23:19
ვრცლად
საკითხები, რომელზეც გაეროს მე-80 სესიის გახსნაზე იმსჯელეს - რა შეხვედრები აქვს ნიუ-იორკში, საქართველოს პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლამდე ქართულ დელეგაციას

გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან, სახელმწიფოთა ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომზე, ღაზის სექტორში არსებულ ვითარებაზე, ირანის ბირთვულ პროგრამაზე, სირიაზე, კლიმატის ცვლილებებსა და ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რაც დღეს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა. ნიუ-იორკშია საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დელეგაციის წევრებთან ერთად ასამბლეის მე-80 სესიის გახსნას დაესწრო. მიხეილ ყაველაშვილი დონალდ და მელანია ტრამპების ყოველწლიურ ტრადიციულ მიღებასაც დაესწრება.

მიხეილ ყაველაშვილი გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. პრეზიდენტი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან. საქართველოს დელეგაცია უკვე დაესწრო გაერო-ს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას. საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, შეხვედრები გამართა ბერძენ, სლოვაკ, ვიეტნამელ და არაბ კოლეგებთან. მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე, სადაც ქალთა უფლებების გაუმჯობესებასა და საქართველოში ამ მიმართულებით გატარებულ საკანონმდებლო რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა გააპროტესტეს. 50 ქვეყნის ერთობლივი განცხადება, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სწორედ ამ საკითხზე მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომამდე წაიკითხა.

კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირება და მსოფლიო ძალისხმევა ახალი წესრიგის მისაღწევად - მსოფლიო ლიდერებმა ტრიბუნიდან დებატების პირველ დღეს, ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. პირველმა ტრიბუნა გენერალურმა მდივანმა დაიკავა.გაეროს შტაბ-ბინაში შეკრებილებს მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმაც მიმართა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინა ნიუ-იორკში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მიმდინარე კვირის ბოლომდე უმასპინძლებს.

დღის ამბები