სატვირთოდან მსუბუქ ავტომობილში გადატანილი ლურჯი ფერის აგრეგატი ნარკოტიკებით იყო სავსე. სპეციალურად მოწყობილ სათავსოში 1 კილო და 549 გრამი "მეთადონი" ინახებოდა - მასალა ნატახტარშია გადაღებული. მამაკაცები ტერიტორიის სწრაფად დატოვებას ცდილობენ.
მიმალვა ვერ მოასწრეს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ფაქტი აღკვეთეს და ხელბორკილები, ორივეს, ადგილზევე დაადეს. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული ორი პირი, რუსეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან - ქამალ მაჰმუდი და ახსარბეგ ტაუტიევი.
სპეციალური სათავსო, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ინახებოდა, პოლიციამ სპეციალური მოწყობილობებით გახსნა. 1 კილო და 549 გრამი "მეთადონი" წებოვანი ლენტებით, საგულდაგულოდ იყო შეფუთული.
"კურიერისთვის" ცნობილია, რომ ნატახტარში დაკავებული ორი პირი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ და წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ. ირკვევა, რომ მათთან ერად სქემაში კიდევ ერთი პირი მონაწილეობდა, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც პოლიციამ 1 კილო და 549 გრამი "მეთადონის" ამოღებამდე 2 დღით ადრე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა. ის საქართველოს მოქალაქეა და სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას 367 გრამი "ალფა პვპ" ამოიღეს.
"კურიერმა" გაარკვია, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქის აყვანის შემდეგ გავიდნენ სამართალდამცველები დანაშაულის კვალზე. სქემა, რომლითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ ასეთი იყო - დარიალის ხეობიდან წამოსულ სატვირთოს საქართველოს მოქალაქე უნდა დახვედროდა, თუმცა მისი დაკავების გამო ეს გეგმა ვერ შესრულდა. ამის შემდეგ, დამკვეთებმა დავალება მისცეს აზერბაიჯანის მოქალაქეს ქამალ მაჰმუდს, თუმცა აგრეგატში დამალული ნარკოტიკის, დანიშნულების ადგილამდე მიტანა ვერც მან მოასწრო.
საქართველოს, აზერბაიჯანის და რუსეთის მოქალაქეებს ბრალი დღეს წარედგინათ. სამივე დუმილის უფლებას იყენებს.
ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შიდა ქართლის პოლიციამ დააკავა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დეტალებზე დღეს დეპარტამენტის დირექტორმა, კახა მურადაშვილმა ისაუბრა.