16 აგვისტო 2026,   20:19
ვრცლად
ოპოზიციის ვიზიტები უცხოეთში - "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტები დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ და პოლიტიკური სტრატეგიის რეცეპტს უცხოეთში ეძებენ

სცენარი მეორდება - წინასაარჩევნოდ ოპოზიციის უცხოური ვოიაჟები "ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინ ახსოვს. ოპოზიციის მარშრუტი არც წელს შეცვლილა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქვეყნის შიგნით მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ოპონენტები, სხვების გულის მოგებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცდილობენ. "ქართული ოცნების" თქმით, მხარდაჭერას თან ინსტრუქციებიც ახლავს, რომელიც არჩევნებამდე და მის შემდეგ პერიოდს შეეხება.

ვაშინგტონი და ბრიუსელი - "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელოს" გზები არჩევნების გარდა, აქაც გაიყო. სააკაშვილის პარტიის წევრები 4 ოქტომბრამდე ორი კვირით ადრე, ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან. ვიზიტის მიზანი მათივე განმარტებით, სანქციების პოლიტიკის გაგრძელება და ქართველი ხალხის მხარდაჭერაა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შინ "ლელომ" ჩამოასწრო. პარტიაში ამბობენ, რომ მათი ვიზიტი ბელგიაში კავშირების გამყარებას ემსახურებოდა.

დავალებების მიღება და ფინანსების მოძიება - "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს, ამიტომ პოლიტიკური სტრატეგიის რეცეპტს უცხოეთში ეძებს. წინასაარჩევნოდ უცხოური ვოიაჟების კიდევ ერთი მიზანი კი სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის დაზიანებაა.

ოპოზიცია უცხოეთში, "ქართული ოცნება" კი შეხვედრას საქართველოში განაგრძობს. მმართველი გუნდის ლიდერები მოსახლეობას ხვდებიან და დარწმუნებულები არიან, რომ 4 ოქტომბერს მათი კანდიდატები 64-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებენ.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები