არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც საქართველოში მის ოფიციალურ ვიზიტს ასახავს.
შეიხი ქართულად დაწერილ ტექსტში აღნიშნავს, რომ თბილისში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად განიხილა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების გზები, ხოლო საუბრის მთავარი თემა იყო მდგრადი განვითარების საერთო პრიორიტეტები და ხალხების კეთილდღეობის ხელშეწყობა ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში.
"ჩემი ვიზიტის ფარგლებში საქართველოში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან განვიხილეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების გზები, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი მდგრადი განვითარების საერთო პრიორიტეტებსა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში. არაბთა გაერთიანებული საამიროები კვლავაც ერთგულია კავკასიის რეგიონში პარტნიორობის გაძლიერების, თანამშრომლობის ხიდების აგებისა და საყოველთაო ზრდის, პროგრესისა და სტაბილურობის ხელშეწყობის", - წერს შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი სოციალურ ქსელში.