"ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლილო-ორხევის დასახლებაში, მამუკა ხაბარელმა "კურიერში" სტუმრობის დროს ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემაზე და ამ პრობლემის მოგვარების გეგმაზე ისაუბრა.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში აშენდება ნაგებობა, რომელიც უსიამოვნო სუნის პრობლემას მოაგვარებს.
"ლილოს ნაგავსაყრელი საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის აქ მცხოვრებ მოსახლეობას, მემკვიდრეობით გადმოგვეცა ეს პრობლემა, თუმცა კახა კალაძემ თავის პრეზენტაციაში უკვე განაცხადა და მეც მოსახლეობასთან ძალიან აქტიურად ვაჟღერებ ამ საკითხს. რაც ყველაზე მეტად პრობლემატურია, ეს გახლავთ უსიამოვნო სუნი სიახლოვეს მყოფ დასახლებებში. პირველ ეტაპზე, ძალიან ახლო მომავალში, აშენდება ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც მოაგვარებს უსიამოვნო სუნის პრობლემას, რაც ძირითადი პრობლემაა. ასევე, იგეგმება ნაგავსაყრელიდან ამოსული გამონაბოლქვის გაფილტვრაც. სამომავლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია განსახორციელებელი ნაგავსაყრელთან დაკავშირებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ეს პრობლემაც მოგვარდება.
მე როგორც ვიცი, მომავალი წლიდან უკვე უნდა დაიწყოს. პროექტირება მიმდინარეობს გამწმენდი ნაგებობების. ეს საკმაოდ შრომატევადია, მნიშვნელოვანია, რომ სრულყოფილად იყოს შესწავლილი, რადგან ამან უნდა აღმოფხვრას ის პრობლემატიკა, რაც უსიამოვნო სუნთან არის დაკავშირებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხი იმ პრეზენტაციის ფონზე, რომელიც თბილისის მერმა უკვე გააჟღერა მოსახლეობისათვის," - განაცხადა მამუკა ხაბარელმა.