17 აგვისტო 2026,   08:09
ვრცლად
"ლელოს" ლიდერები ბრიუსელში - სახელისუფლებო პარტიის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციის წევრების უცხოეთში ყოფნა საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება

"ლელოს" ლიდერების ბრიუსელში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია მისი გავრცელებიდან რამდენიმე საათში თავად პარტიის წევრებმა დაადასტურეს. წასვლის მიზეზებიც ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან განმარტეს. თაზო დათუნაშვილის თქმით, ბრიუსელში გამგზავრების გადაწყვეტილება შეხვედრების მნიშვნელობიდან გამომდინარე მიიღეს. ამბობს, რომ ბრიუსელის მერთან, ევროპული სტრუქტურების არაერთ წარმომადგენელთან შეხვედრაა ჩანიშნული.

მამუკა ხაზარაძე, ირაკლი კუპრაძე და თაზო დათუნაშვილი - ამ შემადგენლობით ჩავიდა "ლელო" ბრიუსელში. ვიდრე პარტია წასვლას დაადასტურებდა, სააგენტო "პრაიმტაიმს" წყარომ მიაწოდა ინფორმაცია ვიზიტის მიზანთან დაკავშირებით. წყარო "ლელოდან" ჰყვება, რომ ვიზიტის იდეა ახალი ინსტრუქციების მიღებაა. ამბობს, იმასაც, რომ პარტიაში მძიმე მდგომარეობაა. ერთი მხრივ "ლელომ" ბრიუსელიდან მიღებული მოთხოვნა შეასრულა და საარჩევნო პროცესში ჩაერთო, თუმცა ოპოზიციაში არსებული ფონის გამო გეგმა ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ოლქების ნაწილში პარტიამ ვერც მერობის კანდიდატები დაასახელა და ვერც მაჟორიტარები. წყარო ადასტურებს იმასაც, რომ მამუკა ხაზარაძეს პრობლემები აქვს უშუალოდ პარტიის წევრებთანაც. მერობის კანდიდატობაზე უარის გამო გუნდი დატოვა საბა ბუაძემ, კუპრაძე/ელისაშვილის დაწინაურებას კი სხვა ლიდერების განაწყენებაც მოჰყვა. "ლელოში" არსებული მდგომარეობა მმართველ პარტიაში არ უკვირთ და მიაჩნიათ, რომ სხვისი დავალებების შესრულება გუნდშიც და ამომრჩეველშიც პრობლემებს იწვევს.

ბრიუსელიდან მითითებების მიღებას თბილისში დარჩენილი "ლელოს" წევრები გამორიცხავენ. ამბობენ, რომ უცხოეთში მომავალშიც წავლენ და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

სახელისუფლებო პარტიის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციის წევრების უცხოეთში ყოფნა საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. განსაკუთრებულ აქცენტს ქვეყნიდან წასვლის პერიოდზე აკეთებენ. აცხადებენ, , რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ოპოზიციის დიდი ნაწილის საზღვარგარეთ ყოფნას კონკრეტული მიზანი აქვს.

"ლელოს" ლიდერები ბრიუსელში დღეს დილით გაფრინდნენ. ბოლოს როდესაც"ლელოს" გენერალურმა მდივანმა ქვეყანა დატოვა, შეხვედრა გიორგი გახარიასთან შედგა. სწორედ ბერლინში გამართული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში დასახელდა ირაკლი კუპრაძე ორი პარტიის მერობის ერთობლივ კანდიდატად.

დღის ამბები