15 აგვისტო 2026,   15:32
ვრცლად
მოწოდებები დამხობისკენ - "ნაციონალურ მოძრაობაში" რიტორიკას არ ცვლიან და არჩევნების დღეს სახელმწიფო გადატრიალებას აანონსებენ

სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციის ნაწილს სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩენისკენ მოუწოდებს. საუბარია 4 ოქტომბერს "ნაცმოძრაობის" მიერ დაანონსებულ რევოლუციაზე, რომელსაც პარტიის წევრები და მხარდამჭერები დამხობადაც მოიხსენიებენ. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სუს-მა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით უკვე დააკავა, "ნაციონალურ მოძრაობაში" რიტორიკას არ ცვლიან და არჩევნების დღეს სახელმწიფო გადატრიალებას აანონსებენ. მმართველ გუნდში დღეს განმარტეს, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ყველა მოქალაქეს აქვს, თუმცა ნებისმიერი კანონდარღვევა, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მიიღებს.

დამხობა, რევოლუცია, გადატრიალება - ის ტერმინებია, რომელსაც ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში რამდენიმე კვირაა ყველაზე ხშირად იყენებენ. "ნაცმოძრაობაში" ხელისუფლების შეცვლის უალტერნატივო გზად რევოლუციას მიიჩნევენ. ამტკიცებენ, რომ არჩევნების გზით მოსული მთავრობის, გადატრიალებით შეცვლა, კონსტიტუციურ ჩარჩოში ჯდება.

"ნაციონალური მოძრაობის" ხედვას პროვოკაციულს უწოდებენ იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობენ. კოლეგების აზრით, საუბრები დამხობაზე საარჩევნო პროცესს და სრულიად ოპოზიციურ სპექტრს აზიანებს.

"ნაციონალური მოძრაობის" მუქარას და რევოლუციისკენ მოწოდებებს დღეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურებმაც უპასუხეს. მათი თქმით, კანონსაწინააღმდეგო ქმედება თუ განცხადება, შესაბამის სამართლებრივ პასუხს მიიღებს. მმართველი გუნდის ლიდერებმა თქვეს ისიც, რომ ოპოზიციის მხრიდან მსგავსი რიტორიკა მათი ლობისტების მიერ არის წახალისებული. კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის მცდელობას კი სახელმწიფოსგან მკაცრი პასუხი გაეცემა.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 17 დღეში გაიმართება. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მუნიციპალურ არჩევნებს გაემიჯნა, პოლიტიკური პროცესის გაგრძელებას დამხობასა და რევოლუციაში ხედავს.

დღის ამბები