09 აგვისტო 2026,   17:56
ვრცლად
თუ ბრალდებული დღესვე გადაიხდის საპატიმრო გირაოს, გადახდის მომენტიდანვე გათავისუფლდება შესაბამისი დაწესებულებიდან - პროკურორი ელენე ხოშტარიაზე

ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. საპატიმრო გირაოს გადასახდელად კი მას 20 დღე განესაზღვრა. პროკურორის განმარტებით, ელენე ხოშტარიამ დააზიანა კახა კალაძის საარჩევნო ბანერი, რითაც პარტიას 570 ლარის ზიანი მიადგა. პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება თავად დაკავებული. ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გირაოს არ გადაიხდის.

ელენე ხოშტარიას ადვოკატის განცხადებით, დაკავებულმა მასთან კომუნიკაციაზე უარი განაცხადა.

"დაკავებულმა ჩემთან კომუნიკაციაზე უარი განაცხადა. მე ბუნებრივია ბრალდებულთან პოზიცია არ მქონდა შეთანხმებული. შესაბამისად, საქმის გაცნობის შემდეგ, მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ მტკიცებულებები არ არსებობს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე და არანაირი აღმკვეთი ღონისძიება არ უნდა გამოყენებულიყო ბრალდებულის მიმართ. დამატებით, ჩემი აზრით, დაკავების საფუძველიც არ არსებობს. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დაკავების საფუძველიც არ არსებობს მოცემულ საქმეზე და მოვითხოვე, რომ დაკავებიდან გათავისუფლებულიყო", - განაცხადა ელენე ხოშტარიას ადვოკატმა ირაკლი ბენიამ.

ელენე ხოშტარიას საქმის პროკურორის, გოგა კაკოჩაშვილის თქმით, თუ ელენე ხოშტარია გირაოს დღეს გადაიხდის ის მაშინვე გათავისუფლდება.

"საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ბრალდებულს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე, რომელიც აღემატება 150 ლარს, რამაც მოგვცა სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად, აღნიშნულის საფუძველზე მოხდა ბრალდების წარდგენა ბრალდებულისთვის. ზოგადად, საპატიმრო გირაოს შემთხვევაში, თუ ბრალდებული დღესვე გადაიხდის საპატიმრო გირაოს, გირაოს გადახდის მომენტიდანვე გათავისუფლდება შესაბამისი დაწესებულებიდან. სანამ არ გადაიხდის, შესაბამისად იქნება დაწესებულებაში", - განაცხადა პროკურორმა გოგა კაკოჩაშვილმა.

დღის ამბები