ე.წ. "მეგობარი აქტი" კაპიტოლიუმმა საბოლოოდ დაბლოკა. დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების სენატში ლობისტების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციისა და მათი უცხოელი მოკავშირეების პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ოპონენტების ქმედებები საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატს ეფუძნებოდა.
დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღებისთვის ვაშინგტონში რამდენჯერმე ჩავიდა ოპოზიცია. არქივი მათ არაერთ განცხადებას ინახავს, საიდანაც ჩანს, რომ სენატის გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერი, პროექტის მთავარი ავტორი ჯო უილსონი, დიდ იმედებს ამყარებდნენ.
პროექტის ჩავარდნას ოპოზიცია პროცედურულ საკითხებს უკავშირებს და დღესაც ამტკიცებს, რომ განხილვა გაგრძელდება.
"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, მტრული აქტის მიღება ორი ქვეყნის ურთიერთობას დააზიანებდა. ამბობენ, რომ დოკუმენტი თავისი შინაარსით, როგორც ქართველი ხალხის ინტერესებს, ასევე რეგიონთან დაკავშირებით შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვასაც ეწინააღმდეგებოდა.
სენატის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული მიზანი, რომელიც შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას უკავშირდება.
ე.წ. "მეგობარი აქტი" ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მომზადდა, მოგვიანებით დაკორექტირდა, თუმცა საბოლოოდ დოკუმენტის მიღება ჩავარდა.