15 აგვისტო 2026,   17:10
ვრცლად
ჰელსინკის კომისიაში გამართული დისკუსია საქართველოს შესახებ - პრემიერ-მინისტრი კომისიაზე გამოსულ მომხსენებლებს, ზურაბიშვილსა და ხიდაშელს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებს და "დიფ სთეითის" ინტერესებზე საუბრობს

ღალატი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ - ასე შეაფასა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თინა ხიდაშელისა და სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ჰელსინკის კომისიაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ექსპრეზიდენტის უკან რეალურად ფინანსური და ე.წ. "დიფ სთეითის" ინტერესები დგას. რაც შეეხება ჩინეთ-საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო ურთიერთობებს - მმართველ გუნდში კონგრესმენ ვილსონს და მის კოლეგებს დღეს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები შეახსენეს. თქვეს ისიც, რომ მილიარდობით დოლარის სავაჭრო ბრუნვა, რომელიც შტატებს და ევროკავშირს ჩინეთთან აქვს, ბრალდებებს საქართველოს წინააღმდეგ პარადოქსულს ხდის.

მოსმენა ჰელსინკის კომისიაში, რომლის მთავარი თემა ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა იყო, გუშინ გაიმართა. სადისკუსიო პანელზე საქართველოს წინააღმდეგ ჯო ვილსონთან ერთად ხიდაშელმა და ზურაბიშვილმა საკმაოდ ვრცელი ჩვენება მისცეს. განაცხადეს, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ამერიკის გეოსტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, რასაც საქართველოს წინააღმდეგ შესაბამისი ზომები უნდა მოყვეს.

ექსპრეზიდენტს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დღეს განცხადებების სიმწვავე დაუწუნეს ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ჰელსინკის კომისიის რიტორიკას იზიარებენ და ამბობენ, რომ ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოს საგარეო ვექტორის მთავარი საფრთხეა.

ოპოზიციას და ჰელსინკის კომისიას საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოიაზრებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლებმა დღეს ჩინეთსა და დასავლეთს შორის ასეულობით მილიარდის სავაჭრო ბრუნვაზე ისაუბრეს. აღნიშნეს ისიც, რომ ჩინეთთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ ქვეყანას ხელშესახები შედეგი უკვე მოუტანა - უვიზო მიმოსვლა, ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა და ინვესტიციები. სახელისუფლებო გუნდში ქართულ ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესაძლებლობაზე საუბრობენ, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან თანამშრომლობამ უკვე მოიტანა.

საქართველოს წინააღმდეგ ჰელსინკის კომისიამ ჩვენებები ქართველი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის წევრებისგან ადრეც მოისმინა. 10 სექტემბერს კი ჩინეთთან სავაჭრო პარტნიორობის გამო შტატებს მკაცრი რეაქცია უკვე ყოფილმა მთავარსარდალმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მოსთხოვეს.

დღის ამბები