პოლონეთი ნატოს მე-4 მუხლის ამოქმედებას ითხოვს და რეზერვისტების მობილიზაციას ახდენს. ოფიციალური ვარშავის პანიკა, ქვეყნის საჰაერო სივრცეში, გუშინ ღამით 19 რუსული კამიკაძე დრონის შეჭრამ გამოიწვია, რომელთაგან სამი პოლონეთის ავიაციამ ჩამოაგდო. სიტუაცია ქვეყანაში უკიდურესად დაძაბულია, განსაკუთრებით კი უკრაინისა და ბელარუსის საზღვართან.
ოფიციალური ვარშავას პოზიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ გაახმოვანა. პოლონეთი დრონების შეჭრაზე საპასუხოდ NATO-ს წევრი სახელმწიფოებისგან მეოთხე მუხლის ამოქმედებას ითხოვს. ალიანსის წესდების ეს მექანიზმი წევრი სახელმწიფოს მიმართ ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ან უშიშროების საფრთხის გაჩენის შემთხვევაში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მოწვევას გულისხმობს.
ვარშავას ბრიუსელიდან გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივანი. მარკ რუტემ ალიანსის წევრ სახელმწიფოს მხარდაჭერა აღუთქვა, თუმცა Reuters წერს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ალიანსზე თავდასხმად არ განიხილავს.
ესკალაციის შესახებ განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა კრემლში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი თქვეს, რომ პოლონეთში ობიექტებზე თავდასხმა დაგეგმილი არ ყოფილა, უწყებაში აღნიშნეს, რომ რუსული დრონების მოქმედების მაქსიმალური არეალი 700 კილომეტრს არ აღემატება.
პოლონეთს სოლიდარობა გამოუცხადეს ევროპის ქვეყნების ლიდერებმა, ერთ-ერთი პირველი იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. შეფასებები გაკეთდა ევროკავშირის სტრუქტურებშიც.
პოლონეთში ახლა მომხდარის შესწავლა მიმდინარეობს, ვარშავამ საკუთარი საჰაერო სივრცის დარღვევას უკვე უწოდა აგრესიის აქტი.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 19 რუსული დრონი, ქვეყნის ტერიტორიაზე გამთენიისას შეიჭრა. საფრთხეზე საპასუხოდ, ქვეყნის ოპერატიულმა სარდლობამ საჰაერო თავდაცვის სისტემა გაააქტიურა, გამოცხადდა საგანგებო მზადყოფნის რეჟიმიც, რიგ რეგიონებში რეზერვისტების კომისარიატებში გამოცხადებისთვის 6 საათი მოსცეს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე