საბრძოლო მოქმედებებია ახლო აღმოსავლეთში. "ჰუსიტების" რადიკალურმა დაჯგუფებამ ისრაელზე დრონით თავდასხმა განახორციელა. უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის სამხრეთით მდებარე რამონის აეროპორტში ერთ-ერთ ტერმინალს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. აეროპორტმა რამდენიმე საათით ნაწილობრივ მუშაობა შეაჩერა.
ისრაელმა ქალაქ ღაზაში სამხედრო ოპერაცია გააფართოვა და ტერორისტული ორგანიზაციის დასაყრდენი პუნქტები აიღო. "ცახალი" ქალაქის მოსახლეობას სექტორის სამხრეთით ხან იუნისში შექმნილ ჰუმანიტარულ ზონაში დაუყოვნებლივ გადასვლისკენ მოუწოდებს, საცხოვრებელი ადგილი უკვე დატოვა ასი ათასზე მეტმა ადამიანმა.
ისრაელის დარტყმებს კონფლიქტის ზონაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 65 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები.
ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასსა" და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრობს ამერიკის პრეზიდენტი. ტრამპის თქმით, მხარეებს შორის გარიგების დასადებად ამერიკის შეთავაზებულ პირობებს დათანხმდა ისრაელი.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისთვის მზადაა "ჰამასიც".