ხელისუფლების ოპონენტების ბოლო თვალსაჩინო უთანხმოება 2 დღის წინ კიდევ ერთხელ გაღვივდა - 5 სექტემბერი, რუსთავის #12-ე ციხე. გოსოსებიდან მოულოდნელად თავისუფლდებიან "ლელოს" ლიდერები. პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეს, 73-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ოჯახი და პარტია სიხარულით, სხვა ოპოზიციური პარტიები კი კრიტიკით შეხვდნენ.
ერთადერთი, გერმანიიდან გახარია აღმოჩნდა, ვინც გათავისუფლებულ პატიმრებს სოციალურ ქსელში პოსტით, თბილი დახვედრა მოუწყო. "ლელო" პოზიციას არ იცვლის. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ჯერ კიდევ ციხეში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალების მოტივად სწორედ თვითმმართველობის არჩევნებში მათი მონაწილეობა და მოსალოდნელი სპეკულაციები დაასახელა.
"ლელო-გახარიას" გაერთიანება საარჩევნო პროცესში რჩება, ამით ჩანს, რომ ბოიკოტის მომხრეთა მაგიდა საბოლოოდ დატოვეს. ოპოზიციის პირველი და ყველაზე დიდი დაპირისპირებაც თვეების წინ, ამის გამო დაიწყო.
ის, ვინც ბოიკოტში დარჩა, სტრატეგიად ქუჩის პროტესტს ირჩევს, დანარჩენებს კი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ის, ვინც არჩევნები არჩია, ბრალდებებს შედარებით მშვიდი ტონით პასუხობს. მაგალითად "ლელოში" - ოპოზიციურ ველზე ვითარებას განხეთქილებას არ არქმევენ. სჯერათ, რომ მთავარი არა ერთობა, არამედ ერთი მიზნისკენ სვლაა.
"ლელოს" საარჩევნო პარტნიორებს, გახარიას გუნდში, ოპოზიციიდან ოპონენტების ბრალდებებზე შედარებით ხისტი პასუხები აქვთ. "გირჩი" ყველაზე თამამია - ფიქრობს, რომ მის მიღმა ოპოზიცია თვითმკვლელობის გზაზეა. ეს რაც შეეხება ორად გაყოფილებს - ერთნი არჩევნების გზით, მეორენი კი ქუჩის პროტესტში. ის, ვინც ბოიკოტში დარჩა, ერთობა რვიანში წევრიანდება. თუმცა რამდენიმე დღის წინ, ერთიანობა საფრთხე დაემუქრა. მიზეზი ჯერ "ნაციონალური მოძრაობის" დაანონსებული მშვიდობიანი დამხობა გახდა, ხაბეიშვილის რევოლუციას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. შემდეგ იყო კონფლიქტი თამარ ჩერგოლეიშვილთან. "ფედერალისტების" ლიდერმა არაეთიკური ქმედებისთვის ბოდიში მალევე მოიხადა, თუმცა რვიანელებმა გაერთიანებიდან გარიცხვა დაუპირეს.
8-იანს გაერთიანების ზოგიერთი წევრი არასერიოზულად უყურებს - მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი. ამ ერთობაზე ეცინებათ არჩევნების გზით წასულებსაც.
ვინ რას ელოდება 4 ოქტომბრისგან - "ნაციონალების" მიერ დაანონსებული მშვიდობიანი დამხობის ოპოზიციაში არავის სჯერა. რა ხდება ოპოზიციურ ველზე - მმართველ გუნდში ასე ხედავენ.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო იწევს. ოპოზიციის ნაწილი არც მალავს, რომ შიდადაპირისპირებებმა მხარდამჭერები დააბნია, ზოგს მიმართულება შეუცვალა, ზოგმა კი, ჯერ კიდევ არ იცის, საით წავიდეს. ვის რამდენი მომხრე გაჰყვა და ვინ რამდენი დაკარგა - ეს ოქტომბერში გამოჩნდება.