არაეთიკური რეპლიკის ავტორმა, სოციალურ ქსელში დღეს Facebook სტატუსი დაწერა. ელენე ბერიკაშვილი, ბოდიშის ნაცვლად, პოლიტიკოსს კვლავ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, წერს, რომ ის არარაობაა და მის მიმართ მორალი არ აქვს.
ოპოზიციონერი აქტივისტი, რომელმაც მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს ბექა ოდიშარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ბავშვთა ფსიქოლოგია.
დემონსტრანტების აგრესიულ მოქმედებებზე და მათ არაეთიკურ გამონათქვამებზე დღეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ტრაგიკულია, როცა მსგავსი რეპლიკის ავტორს, ბავშვებთან მუშაობის უფლება აქვს.
ოპოზიციონერი აქტივისტის ქმედება მიუღებელია ოპოზიციისთვისაც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირება რადიკალიზმის გამოვლინებაა.
წითელი ხაზების და მორალური საზღვრების არარსებობა - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციონერი აქტივისტის ქმედება, მთელი ოპოზიციური სპექტრის ლუსტრაციაა. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ მათი ოპონენტების ერთადერთი მიზანი, ნებისმიერ ფასად, ქვეყანაში რადიკალური პროცესების განვითარებაა.
საპროტესტო აქციის მონაწილე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაეთიკური გამონათქვამებით ბექა ოდიშარიას მელიქიშვილის გამზირზე დაესხა თავს, როდესაც პოლიტიკოსი საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ტოვებდა.
ავტორი: ნანა გოგატაძე