მესტიის მოქმედი მერი დაწყებული პროგრამების დასრულებაზე მუშაობს და პარლალურად, ახალ პროექტებსაც აანონსებს. კაპიტონ ჟორჟოლიანის მერობის პერიოდში 12 საბავშვო ბაღი და 2 ახალი სკოლა აშენდა. დასრულების ეტაპზეა 40 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. მომდევნო ოთხი წლის გეგმაშია მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის წყალმომარაგებით უზრუნველყოფაც. ამბობს, რომ წლების გამოცდილება აძლევს იმის საშუალებას, მოსახლეობის საჭიროებებზე მომავალშიც ეფექტურად იმუშაოს.
მოქმედი მერი ძირითად აქცენტს გაზრდილ ტურისტულ ნაკადზე აკეთებს და ამბობს, რომ ზამთრის კურორტების განვითარება მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება.
მისი მერობის პერიოდში შეიქმნა თვითმმართველობის ორგანიზაციაც. ახალგაზრდები ადგილზე სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, ძირითადი ინტერესის საგანი თანამედროვე ტექნოლოგიებია.
წალენჯიხის მერობისთვის გუბა საჯაია ემზადება. პროფესიით ეკონომისტია. ამბობს, რომ წლების გამოცდილებას ახლა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში გამოიყენებს. მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ისმენს მათ საჭიროებებს და პრობლემების ერთობლივ მოგვარებას პირდება.
გზის რეაბილიტაცია და სასმელი წყლის პრობლემები - ეს ადგილზე მთავარი გამოწვევაა. გუბა საჯაია ამბობს რომ მისი არჩევის შემთხვევაში სწორედ ეს იქნება საქმიანობის მთავარი მიმართულება.
ყაზბეგის მერობის კანდიდატი ქვეშეთი-კობის პროექტზე დაწყების დღიდან მუშაობს. ადგილზე დაგეგმილია 23 კმ-იანი სიგრძის 2 ზოლიანი გზის, 5 ხიდისა და გვირაბის მშენებლობა.
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა კობა გელაძის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ადგილზე დაგეგმილია ახალი სტადიონების და სპორტული სივრცეების მშენებლობა. დაწყებულია ცენტრალური სკვერის მოწყობაც. მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მომავალში ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას გეგმავს.
მმართველმა გუნდმა მერობის 63 კანდიდატი წარადგინა. თითოეული მათგანი 4 ოქტომბერს საკუთარ მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის ემზადება.