საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების გამოკითხვა გრძელდება. დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოძიების შეკითხვებს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორმა", თამთა მიქელაძემ უპასუხა.
პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.
საქმის პროკურორმა იმ თემებზე ისაუბრა, თუ რა საკითხებთან დაკავშირებითაც აქვს გამოძიებას თამთა მიქელაძესთან კითხვები.
"გამოძიებას მის მიმართ გააჩნია კითხვები 2024 წელს გამართულ აქციებთან დაკავშირებით. კერძოდ, იგი გამოირჩევა აქტიურობით, აკეთებდა მოწოდებებს. მოწოდებები შეეხებოდა წინააღმდეგობების ადგილების გახსნას, საჯარო სექტორის გაფიცვას, იგი მიუთითებდა ბრძოლაზე და პირდაპირ ამბობდა, რომ ბრძოლა უნდა ყოფილიყო სასტიკი.
გარდა ამისა, ფინანსური დახმარებაც აქვს გაწეული. კერძოდ, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ 2024 წელს, აქციების პერიოდში, მის ორგანიზაციას შეძენილი აქვს რესპირატორები, სახის დამცავი სათვალეები და წიწაკის სპრეი. ბუნებრივია, კითხვები იქნება ამასთან დაკავშირებით, რა მიზნებითა და დანიშნულებით იქნა ეს საშუალებები შეძენილი და რა როლი აქვს მას ამ აქციებთან დაკავშირებით, ვინ იყო ორგანიზატორი, მოწოდებები რა იყო და ა.შ.", - განაცხადა პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ.
ცნობისთვის, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დაყადაღებულია. ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადეს, მათი ნაწილი უკვე გამოიკითხა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.