08 ივნისი 2026,   17:42
ვრცლად
ერთ-ერთი მსხვილი ნარკორეალიზატორი სპეცოპერაციის შედეგად დიღომში დააკავეს - მეტსახელად "სლიგინას" შემდეგ ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აიყვანეს აჭარაშიც

სპეციალური ოპერაცია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნარკორეალიზატორის, თორნიკე ნარიმანიძის, იგივე "სლიგინას" ასაყვანად. პოლიციამ გამსაღებელი მის საცხოვრებელ სახლთან, დიღმის რაიონში აიყვანა. "სლიგინას" დაკავებისას ჩატარებული ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა, კიდევ უფრო მეტი იპოვეს სამართალდამცავებმა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

მსხვილი ნარკორეალიზატორის აყვანა სპეციალური ოპერაციის მხოლოდ პირველი ფაზა იყო. საპოლიციო რეიდი, დედაქალაქის გარდა, განხორციელდა აჭარაშიც. სამართალდამცავებმა ხელბორკილები 40 წლის უკრაინის მოქალაქეს იმ დროს დაადეს, როდესაც ის კვადროციკლის საშუალებით გადაადგილდებოდა და ნარკოტიკების ე.წ. სამალავებში დადებას აპირებდა.

ბინა 209 - ადგილი, სადაც ნარკოტიკებს აფასოებდნენ და შემდეგ სპეციალურ სამალავებში გასაყიდად ტოვებდნენ.

"კურიერის" ინფორმაციით, ამ ნაქირავები ბინიდან სამართალდამცველებმა "მეფედრონის" კრისტალები და ნარკოტიკული საშულება "გაბაგამა" ამოიღეს. 34 და 44 წლის მამაკაცებს კი, ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ირკვევა, რომ დაკავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ორივე დაკავებული ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ. ამ ჯგუფს კი, 33 წლის მამაკაცი ხელმძღვანელობდა. მისი ვინაობა ცნობილია, ის თორნიკე ნარიმანიძეა, მეტსახელად "სლიგინა" და ნარკოდანაშაულისთვის უკვე ნასამართლევია.

სქემის მიხედვით, ჯგუფის წევრები ქირაობდნენ ბინებს, სადაც სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკს აფასოებდნენ და შემდეგ სარეალიზაციოდ კონკრეტულ ადგილებში ტოვებდნენ, ხშირად იყენებდნენ ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსაც.

დანაშაულებრივი ჯგუფის სამივე წევრი ახლა დროებითი მოთავსების იზოლატაროში იმყოფება. აღიარებენ თუ არა დანაშაულს, ჯერ უცნობია.

ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დასაკავებლად საპოლიციო ღონისძიებები, თბილისში, გუშინ გვიან ღამით ჩატარდა, პარალელურად, სამართალდამცველები მობილიზებულები იყვნენ აჭარაშიც, კონკრეტულად კი ხელვაჩაურში, სადაც პოლიციამ ნარკოდანაშაულის ფაქტი აღკვეთა.

"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, უკრაინის მოქალაქე იმ დროს შეაჩერეს, როდესაც კუთვნილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, გაჩხრიკეს და სატრანსპორტო საშუალებიდან 3 კილომდე "მეთადონი" ამოიღეს. სავარაუდოდ 39 წლის მამაკაცი, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებას და შემდეგ გაყიდვას გეგმავდა.

3 კილოგრამამდე "მეთადონი", 140 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება და 34 შეკვრებად დაფასოებული უკვე სარეალიზაციოდ გასაყიდი ნარკოტიკი, ნარკოდანაშაულის საქმის მთავარი მტკიცებულებებია. ​

საპოლიციო ღონისძიებების დეტალებზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სპეციალურ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ისაუბრა.

დაკავებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ, სავარაუდოდ, ხვალ, მათ აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლოც იმსჯელებს.

დღის ამბები