08 აგვისტო 2026,   07:59
ვრცლად
აქციების დროს დაკავებულთა საქმეები - თბილისის საქალაქო სასამართლო ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ნიკა კაციამ დღეს უდანაშაულოს სტატუსით დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლო ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ნიკა კაციამ უდანაშაულოს სტატუსით დატოვა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ნიკა კაციას, გამოძიება, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებოდა, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს სახელმწიფო ბრალდება. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიკა კაციამ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება "კოკაინს".

განსხვავებული ვერდიქტი მოისმინეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებმა. საქალაქო სასამართლომ ყველა მათგანი დამნაშავედ ცნო და 2- წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა წაყენებულ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა.

ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს - სწორედ ამ მუხლით გაასამართლა მსაჯულმა თერთმეტივე დაკავებული.

მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა სახელმწიფო ბრალდება, რომელიც პირველი ინსტანციის ვერდიქტის, მეორე ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მიიღეს მონაწილეობა. პროკურატურამ დღეს ვიდეოჩანაწერებიც გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, რომ დაკავებული დემონსტრანტები აქციაზე პიროტექნიკას, ქვებს და სხვა საშუალებებს იყენებდნენ.

საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად, ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ აქციების დროს დაკავებული ყველა პირი უდანაშაულოა.

სასამართლო რომ მტკიცებულებების მაღალი სტანდარტით მოქმედებს, ამის დასტური "ქართული ოცნებისთვის" არაერთი გამამართლებელი განაჩენია. მმართველ გუნდში ამბობენ, ნებისმიერ სამართალდარღვევას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

საქალაქო სასამართლომ დღეს დამნაშავედ ცნო საბა სხვიტარიძე, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება თავდაპირველად პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებოდა, თუმცა მოგვიანებით, პროკურატურის შუამდგომლობით, მოსამართლემ ბრალდებას კვალიფიკაცია 120-ე მუხლით შეუცვალა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გასული წლის 4 დეკემბერს სასტუმრო "მერიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებულმა თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი მირიან ქავთარაძეს.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები