ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, "ქართული ოცნების" კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც კონგრესში ჩანიშნულ სხდომამდე 1 კვირით ადრე, საქართველოს ხელისუფლება, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო გააკრიტიკა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ჯო უილსონი, რომელიც ოპოზიციასთან აქტიურად თანამშრომლობს და საქართველოს მთავრობას მუდმივად თავს ესხმის, კომისიასაც მისი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად იყენებს.
ჰელსინკის კომისია, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ 10 სექტემბერს იმსჯელებს. კონგრესში ჩანიშნულ მოსმენაზე მომხსენებლები - სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი იქნებიან. თუმცა ვიდრე მოწმეებს ჩვენებებს ჩამოართმევენ, ჰელსინკის კომისია ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, საქართველოს ხელისუფლებას, გავრცელებულ განცხადებაში მწვავედ აკრიტიკებს.
ჰელსინკის კომისიის კრიტიკას სრულად იზიარებს ოპოზიცია, სადაც ირწმუნებიან, რომ ამ განცხადების საფუძველი ბოლო პერიოდში, "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯებია.
რატომ გახდა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა პრობლემა მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო, ყველაზე დიდ ექსპორტიორთან და ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორთან, აქტიური ეკონომიკური ურთიერთობის ჩამოყალიბებას ცდილობს? - "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ მიზეზი საქართველოს ეკონომიკური წინსვლის შეფერხებაა. ამის საპასუხოდ მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გასაძლიერებლად კონკრეტულ ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამს.
კონგრესში მოსმენა სახელწოდებით - "პარტნიორიდან პრობლემამდე" 10 სექტემბერს ჩაინიშნა.