მემარცხენე ალიანსი აქტიურ პოლიტიკაში 2 მიზნით ბრუნდება - ოპოზიციისა და ევროკავშირის შესახებ საზოგადოებას სიმართლე უთხრას. სოსო შატბერაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტები უცხოეთიდან ფინანსდებიან და, ძალაუფლების მოსაპოვებლად, საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ.
ოპოზიციურ ფლანგზე კარგად ნაცნობი კონკურენტების დაბრუნებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. გახარიას პარტიაში მემარცხენე ალიანსის პოლიტიკურ ნაბიჯებს ელოდებიან, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები კი ამტკიცებენ, რომ მათ შესახებ არაფერი სმენიათ.
პოლიტიკურ საქმიანობას, ამჯერად, როგორც თავად აცხადებენ, ევროკავშირზე სიმართლის თქმით იწყებენ. კახა ძაგანია მიიჩნევს, რომ გაერთიანება მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, ამიტომ, საქართველოს მასში გაწევრიანება მომგებიანი არ იქნება.
ხელისუფლების შეფასებით, ევროპული გაერთიანება, რომელი იდეითაც ის შეიქმნა, სრულად თანხვედრაშია საქართველოსთან. თუმცა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებით, გარკვეული ბიუროკრატები ევროკავშირის ამ ღირებულებებისგან დაცლას ცდილობენ.
პოლიტიკურ ველზე ახალი სიტყვის თქმას მემარცხენე ალიანსი 10 ნომრით აპირებს.