შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან ფორმალური კავშირების არქონა და საქართველოს პრო-დასავლური საგარეო კურსი - ეს ის მთავარი მიზეზებია, რის გამოც პეკინმა თბილისი, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე არ მიიწვია. შეხვედრა მხოლოდ იმ ქვეყნების მონაწილეობით შედგა, რომლებიც შანხაის ფორუმის წევრები და დამკვირვებლები არიან. ორგანიზაციას 10 სრულფასოვანი წევრი ჰყავს, მათ შორის, არის რუსეთი, ბელარუსი, ირანი, ინდოეთი, პაკისტანი და უზბეკეთი. საქართველოს კი არც წევრის და არც დამკვირვებლის სტატუსი არ აქვს.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში საქართველო არ მონაწილეობს, რაც გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ ფაქტორებსაც უკავშირდება. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პროდასავლური კურსი და ნატო-სა თუ ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მიზნებს სცდება.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის წესდების, საგარეო უწყების და მმართველი გუნდის განმარტებების მიუხედავად, ოპოზიცია მაინც სვამს კითხვას, თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველო ამ ღონისძიებაზე.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესები, საგარეო პოლიტიკა ცალსახაა და ის დასავლეთს უკავშირდება. ოპონენტების მხრიდან ამ საკითხზე გაკეთებული შეფასებები კი მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორუმში, მონაწილე ქვეყნებს საერთო ხედვები აერთიანებთ. საქართველოს კი ორგანიზაციასთან ოფიციალური კავშირი არ აქვს და არც გეოპოლიტიკური ინტერესები ემთხვევა.