საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, ცოტა ხნის წინ, მხარი დაუჭირა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ანრი ოხანაშვილისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. პარლამენტმა ამ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურას ხვალ უნდა უყაროს კენჭი. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლითაც სამშაბათს საშემოდგომო სესია გაიხსნება.
"როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა საკუთარი განცხადებით. დეტალურად აღწერა გადადგომის მიზეზები. შესაბამისად, პროცედურა როგორც მოითხოვს, პარლამენტისადმი წარდგენილია მისი განცხადება გადადგომის შესახებ. ამ საკითხს განხილვის შემდეგ ცნობად იღებს საქართველოს პარლამენტი.
ამიტომ, ჩვენ მოვამზადეთ დასკვნის პროექტი. როგორც პრემიერის განცხადებიდან ვიცით, ანრი ოხანაშვილი გადაინაცვლებს მისი მრჩევლის პოზიციაზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, მაღალი პროფესიონალიზმი, რომელიც ანრი ოხანაშვილს აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით. როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს აუცილებლად წაადგება ჩვენ ქვეყანას, განსაკუთრებით, ანალიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ მინდა, ახალ პოზიციაზე ოხანაშვილს წარმატება ვუსურვო.
როგორც ვიცით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე არის გათვალისწინებული მამუკა მდინარაძის კანდიდატურა, თავდაცვის კომიტეტის ფარგლებში იქნება შესაბამისი პროცედურები მისი მოსმენის, შემდეგ საკითხი გადაინაცვლებს კენჭისყრაზე. დარწმუნებული ვარ, პარლამენტისგან მას სრული მხარდაჭერა ექნება. ამიტომ მას, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონეს, გამორჩეულ პატრიოტს და ლიდერული თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანს, მინდა, წარმატება ვუსურვო პოზიციაზე, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ის დაიკავებს," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.