უკვე 3 წელია, აფეთქების ხმა უკრაინელების ყოველდღიურობად იქცა. გამონაკლისი არც გასული ღამე იყო, როდესაც ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები, რუსული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა.
მრავალბინიან კორპუსში ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 23 კი მძიმედ დაშავდა. მეხანძრეები ადგილზე ცეცხლის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. მომხდარს კამერებთან, საცხოვრებლისა და პირადი ნივთების გარეშე დარჩენილი, თუმცა სიკვდილს გადარჩენილი ადგილობრივები იხსენებენ.
სანამ უკრაინელები გადარჩენისთვის იბრძვიან, უკრაინის შესახებ განცხადებებს ევროპელი ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ. ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, დასავლეთში ფიქრობენ, რომ რუსეთი ომის დასრულებას არ აპირებს.
პარტნიორები ცდილობენ, ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა რაც შეიძლება მალე შედგეს, თუმცა მოსკოვი კიევთან მოლაპარაკებების დაწყებას არ ჩქარობს. იწურება, ვადაც, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით თეთრი სახლის ლიდერმა, რუს კოლეგას უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად მისცა.
სანამ ევროკავშირი რუსეთის ქმედებებს პასუხს გასცემს, კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიღწეულ წარმატებებზე საუბრობს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის სამხედრო დანაყოფები ფრონტის ხაზზე წინ მიიწევენ.
რუსეთის თავდაცვის ძალების ბოლოდროინდელი აქტიურობა, უკრაინის პრეზიდენტისთვის იმის დასტურია, რომ ვლადიმერ პუტინი ომს დიპლომატიის გზით არ დაასრულებს. ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოსგან მყარ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.
ომი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, ამ დროის განმავლობაში კრემლისა და კიევის დელეგაციები სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად არაერთხელ შეხვდნენ, თუმცა მათი უმეტესობა უშედეგოდ დასრულდა. უკვე რამდენიმე კვირაა, მსოფლიო ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მოლოდინშია. მანამდე კი ფრონტის ხაზზე ბრძოლა გრძელდება და მას ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლე ეწირება.