ვარშავამ კიევს ულტიმატუმი უკვე წაუყენა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად, უკრაინამ უნდა აღიაროს, რომ 1942-43 წლებში ეთნიკურ უმცირესობებს გენოციდი მოუწყო. წინააღმდეგ შემთხვევაში უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტოს - პოლონეთიც შეუერთდება და უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი დაბრკოლება შეხვდება.
პოლონეთის მოთხოვნები ამით არ სრულდება. უკრაინამ - უკრაინელი ჟურნალისტის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვისაც უნდა მოიხადოს ბოდიში. ვიტალი მაზურენკომ, რომელიც უკვე წლებია პოლონეთში ცხოვრობს, პირდაპირ ეთერში კაროლ ნავროცკი ციხის კრიმინალურ ავტორიტეტს შეადარა და პოლონურ მედიას ბრალი ანტიუკრაინულ პროპაგანდაში დასდო. პრეზიდენტის დაკნინების გამო, ჟურნალისტს ქვეყნის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ერთი მარტივი რჩევა მისცა.
მეზობლებთან ურთიერთობის დალაგების პარალელურად, ახლა კიევის მთავარ ამოცანას ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის დაორგანიზება წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტი უკვე ორი კვირაა უკრაინელ კოლეგას პასუხს არ სცემს. კრემლში ამბობენ, მხოლოდ იმას, რომ მოლაპარაკებებამდე მხარეებმა ხანგრძლივი მოსამზადებელი პროცესი უნდა გაიარონ.
სანამ მოსკოვში შესაძლო შეხვედრის პროდუქტიულობაზე მსჯელობენ - წამმზომს რთავს ვაშინგტონი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდას უმოკლეს ვადებში უნდა მიუსხდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დონალდ ტრამპი მკაცრი ზომების მიღებას არ გამორიცხავს.
კვლავ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებასა და ახალი სანქციების დაწესებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი.
რუსეთთან საომარი მოქმედებების ფონზე, უკრაინას ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთანაც ეძაბება, რაც ომში მყოფი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.