17 აგვისტო 2026,   16:21
ვრცლად
ოპოზიციის გეგმა - მმართველი ძალისთვის 8 ოპოზიციური პარტიის მიერ 13 სექტემბერს დაანონსებული აქცია უცხოეთიდან მიღებული დავალების შესრულებაა

მმართველი ძალისთვის, უცხოეთიდან მიღებული დავალების შესრულებაა, 8 ოპოზიციური პარტიის მიერ 13 სექტემბერს დაანონსებული აქცია. "ქართული ოცნებისთვის" ოპონენტების მხრიდან გაკეთებული განცხადება გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებაა. სახელისუფლებო პარტიაში IRI-ს საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელის გეგმას იხსენებენ და ამბობენ, რომ ოპოზიცია ჯონ დიპიროს მიერ წინასწარ მომზადებულ და გაწერილ სქემას ზედმიწევნით ასრულებს.

8 ოპოზიციური პარტიის სახელით ოფიციალური განცხადების გაკეთებამდე დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. დასახელდა პირიც, რომელსაც ოპოზიციისა და აქტივისტების გადამზადება ჰქონდა ჩაბარებული. ჯონ დიპიროს გეგმის მიხედვით თემა, რომელიც ქუჩის აქციებისთვის უნდა იყოს გამოყენებულიყო, ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის სავარაუდო შეჩერებას უკავშირდება. საპროტესტო მუხტის გაძლიერებაში კი აქტივისტებთან ერთად ოპოზიციურმა ძალებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. შეთავაზება სხვა პარტიებმა უკვე მიიღეს. ფაქტები ოპოზიციისთვის მხოლოდ დამთხვევებია. ჯონ დიპიროს გეგმაში მონაწილეობას უარყოფენ და ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია კონსპირაციაა.

ბრიუსელის მიერ დაყენებული მოთხოვნების უპირობოდ შესრულებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმებზე მსჯელობის დაწყებას სექტემბრიდან ელოდებიან "ლელოში".

"ქართული ოცნების" წევრებს ოპონენტებთან კითხვები აქვთ და მიაჩნიათ, რომ ის რასაც ოპოზიცია ემხრობა, საქართველოს ინტერესების დაზიანებაა. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალებისთვის და მათი დასავლელი მოკავშირეებისთვის, პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება მთავარი მიზანია.

ოპოზიციასაც და მათ უცხოელ პარტნიორებს მმართველი პარტია მორიგ ჯერზე აფრთხილებს, უზრუნველყონ პროტესტის კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოში ჩატარება და უარი თქვან რადიკალურ ქმედებებზე.

დღის ამბები