ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა "ლელოსა" და გახარიას ერთობა, რომლებმაც გუშინ თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინეს.
მმართველ გუნდში, დღეს, ის მწვავე შეფასებები და ურთიერთბრალდებები გაიხსენეს, რომლებსაც ამ პარტიების წევრები ერთმანეთის მისამართით აკეთებდნენ.
ისმოდა ბრალდებები 20 ივნისთან დაკავშირებით, გახარიას გუნდში კი "ლელოს" ლიდერებს თაღლითობაში ადანაშაულებდნენ. ამ ფონზე, "ქართული ოცნების" შეფასებით, ორი პარტიის საარჩევნო ერთობა გარე ძალების დავალებით მოხდა.
"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციის ხელწერაა ერთ დღეს ლანძღვა-გინება და მეორე დღეს - სიყვარულისა და ერთად დგომის ფიცის დადება.
"დღეს შეიძლება აგინო, ხელი დაარტყა, უშვერი სიტყვებით მოიხსენიო შენი ოპონენტი და რამდენიმე დღეში გვერდში მიუჯდე, სიყვარული, ძმობა და ერთად დგომა შეჰფიცო. ეს არის ამათი ხელწერა - უთავმოყვარეობის, უპრინციპობის და რატომ? განა თვითონ ვერ გრძნობენ, რომ ქართველი კაცისთვის ეს მიუღებელია, განა არ იციან - იციან. მაგრამ, დაკვეთა აქვთ ასეთი, მათი პატრონებისგან, ვინც აფინანსებს. ამათი ამოცანაა ეს და მერე ვის რა ძალა აქვს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. აბა შეხედეთ, კინტო რომ გვყავს რადიკალებში, ელისაშვილი, მის მოქმედებას დააკვირდით. ახლა ბოიკოტი, სპეცოპერაცია და რაღაც სიგიჟეები დაარქვეს ადგილობრივ არჩევნებს და აგერ, მშვენივრად, სია წარმოადგინეს და იღებენ მონაწილეობას", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.