20 ივნისი 2026,   06:49
ვრცლად
როდესაც მტერი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უტევს და ცდილობს, სინათლისა და გათბობის გარეშე დაგვტოვოს, მაშინ მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის. ვერავინ აგვიკრძალავს ასეთ დარტყმებს, რადგან ეს სამართლიანია - ზელენსკი

სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ბრძოლის გაგრძელება ფრონტის ხაზზე. რა გზას აირჩევენ უკრაინა და რუსეთი, ჯერ უცნობია. ამ დრომდე არც იმაზე არსებობს პასუხი, თუ როდის შეხვდება ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის.

ომის 1 278-ე დღეს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, სპეციალურ მიმართვაში, რომელიც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა გაავრცელა, საუბარია მშვიდობის მნიშვნელობაზე, ომის დასრულების სურვილსა და სამომავლო გეგმებზე.

განცხადებები კეთდება ვაშინგტონშიც. ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი დაპირისპირებულ მხარეებს, შეთანხმების მისაღწევად, ორკვირიან ვადას აძლევს.

"როდესაც რუსეთს სუმის ოლქის აღება სურს, შეიარაღებული ძალები კურსკის რეგიონში ჩნდებიან. როდესაც მტერი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უტევს და ცდილობს, სინათლისა და გათბობის გარეშე დაგვტოვოს, მაშინ მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის. ვერავინ აგვიკრძალავს ასეთ დარტყმებს, რადგან ეს სამართლიანია. როდესაც რუსეთი ყოველდღიურად ესხმის თავს - ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს, ჩვენს საავადმყოფოებს, ჩვენს სკოლებს, კლავს ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენს შვილებს - ის პასუხად "ობობას ქსელს“ იღებს. სწორედ აქ ზეიმობს სამართალი. ასე იქცევა უკრაინა, როდესაც მის მოწოდებას მშვიდობისკენ აიგნორებენ. რამდენჯერ შეგვითავაზებია რუსეთისთვის ცეცხლის შეწყვეტა? რამდენჯერ გვითქვამს: "ჩვენ გვინდა სიჩუმე, ჩვენ ვეძებთ მშვიდობას?" ღირსეულ, ყოვლისმომცველ მშვიდობას... უკრაინამ ჯერ სრულად ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ის ნამდვილად არ წააგებს. უკრაინამ უზრუნველყო თავისი დამოუკიდებლობა. უკრაინა არ არის მსხვერპლი, ის მებრძოლია, რომელიც გვთავაზობს ალიანსს და პარტნიორობას, საუკეთესო არმიას ევროპაში, მოწინავე თავდაცვის ტექნოლოგიებს, მდგრადობის გამოცდილებას. ვამბობთ: ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, ისევე, როგორც ჩვენ ვჭირდებით მას. ამას ყველა აღიარებს, უკრაინა აღიქმება არა როგორც ღარიბი ნათესავი, არამედ, როგორც ძლიერი მოკავშირე", - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები