19 ივნისი 2026,   09:54
ვრცლად
ომის დასრულების გეგმა - ნატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა, როდის, სად და რა პირობებით გაიმართება უკრაინა-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა კი, ჯერ ისევ უცნობია

პუტინი-ზელენსკის პირისპირ შეხვედრაზე მოსკოვიდან ისევ უარია. რუსეთი მესამე დღეა იმეორებს, რომ კრემლის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტს მხოლოდ მას შემდეგ შეხვდება, რაც ზუსტად იქნება გაწერილი დღის წესრიგი, კიევი კი თანახმა იქნება იმ ულტიმატუმზე, რომელსაც მას საოკუპაციო ძალა უყენებს.

რუსეთის პრეზიდენტი ჯერ არა, თუმცა ნატოს გენერალური მდივანი უკვე შეხვდა. მარკ რუტე ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევში ჩავიდა. ხელი ჩამოართვა და უკრაინაში ომის დასრულების შემთხვევაში, ქვეყნისთვის გასაწევ უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრა.

მოსკოვში მჯდომი ვლადიმერ პუტინი რომ უკრაინის დაბომბვას ჯერ არ წყვეტს, ამაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება კრემლის ლიდერთან შეხვედრის აუცილებლობაზე გაამახვილა.

ვლადიმერ პუტინი შეხვედრას არ ემალება, თუმცა თავისი პირობები აქვს - ამბობს სერგეი ლავროვი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პუტინ-ზელენსკის მოლაპარაკებამდე, მხარეებმა ყველა განსახილველი საკითხი წინასწარ უნდა შეათანხმონ.

რუსეთის დღის წესრიგი ხაფანგია ევროკავშირისთვის. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ის, რასაც რუსეთი უკრაინისგან ითხოვს, სამომავლო სამშვიდობო შეთანხმებას ძირს უთხრის და რუსულ აგრესიას აძლიერებს.

ჩიხში შესული მოლაპარაკებები განხილვის თემაა ვაშინგტონშიც. გამოცემა "პოლიტიკოს" ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკვე შეხვდა და მისი მოთხოვნებიც მოისმინა, ფიქრობს, რომ უკრაინას ომის დასასრულებლად დიდწილად რუსეთის პირობებით დადებული შეთანხმების მიღება მოუწევს.

ომი უკრაინაში 3 წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, მხარეებს მოლაპარაკების არაერთი მცდელობა ჰქონდათ, ყველა მათგანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა. ახლა, მსოფლიო ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მოლოდინშია.

უცნობია, გაერთიანდებიან თუ არა დაპირისპირებული მხარეები ერთი მაგიდის გარშემო, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.

დღის ამბები