რამდენიმე საათში ბრალს წაუყენებენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კიდევ სამ პირს, მათ შორის, არის გიორგი მიქაძეც. მის ძმას დავით მიქაძეს და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, გიორგი ჯოხაძეს კი, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ.
გამოძიების ინფორმაციით, ძმებმა მიქაძეებმა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, გიორგი ჯოხაძეს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება სთხოვეს. დავალებას ჯოხაძის დაცვის წევრი გელა უძლური დათანხმდა, რომელმაც 14 მარტს, ჭავჭავაძეზე ჯანგველაძეს 14-ჯერ ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოტივი სხვადასხვა, მათ შორის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული დაპირისპირებაა, თუმცა "კურიერმა" გაარკვია, რომ გამოძიება ასევე მუშაობს ვერსიაზე, რომ მკვლელობის უკან, ქურდულ სამყაროში, წარსულში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გამო დაწყებული შურისძიებაც დგას.
ჟურნალისტები ესაუბრნენ დაკავებულების ადვოკატებს. გიორგი მიქაძის ადვოკატის, მიხეილ ჭანუკვაძის განცხადებით, ისინი ჯერ სტრატეგიაზე ჩამოყალიბებულებია არ არიან და მხოლოდ პროცესს მიჰყვებიან.
"ჯერ სტრატეგია აღებული არ გვაქვს, არც დუმილის უფლებას იყენებს, მივყვებით პროცესს", - განაცხადა მიხეილ ჭანუკვაძემ.
ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით კი, შსს-ს დაკავების ღონისძიებამ დაადასტურა, რომ გახმაურებული მკვლელობის უკან შემკვეთები იდგნენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგით და ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა ყველაფერი, რაზეც როგორც დაზარალებულის ინტერესების დამცველი, პირველივე დღიდან ვსაუბრობდი, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. გელა უძილაური მარტო არ მოქმედებდა.
ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომ მკვლელობის შეკვეთის მუხლით უკვე არიან პირები პასუხისგებაში მიცემულნი, ასევე პასუხისგებაში მიცემულნი არიან სხვა ადამიანები, მათ შორის ადამიანი, რომელმაც ცრუ ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ორგანოს და ხელი შეუშალა ჭეშმარიტების დადგენაში", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.