08 აგვისტო 2026,   01:06
ვრცლად
ტრამპისა და პუტინის პირისპირ აუდიენცია ალასკაზე - მოლაპარაკების მაგიდაზე უკრაინის საკითხი დევს

ოსაკაში, ექვსი წლის წინ გამართული დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ბოლო შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერები კვლავ პირისპირ აუდიენციაზე შეთანხმდნენ. ამჯერად, პრეზიდენტებს ალასკა უმასპინძლებს. მოლაპარაკების მაგიდაზე უკრაინის საკითხი დევს. ტრამპი ეცდება, რუსეთის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმოს.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ევროპამ და უკრაინამ აშშ-ს სამშვიდობო გეგმა უკვე წარუდგინა. სწორედ ეს დოკუმენტი უნდა გახდეს პუტინი-ტრამპის მოლაპარაკებების საფუძველი. გამოცემა წერს, რომ ტერიტორიების გაცვლა მხოლოდ ორმხრივი თანხმობით მოხდება. უკრაინა თუ გაიყვანს ჯარებს ზოგიერთი რეგიონიდან, საპასუხოდ, რუსეთმა ჯარები სხვა რეგიონებიდან უნდა გაიყვანოს. უკრაინის მხრიდან ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა კი უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებით იქნება გამყარებული. მათ შორის, ნატო-ს შესაძლო წევრობით.

დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად და უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, მიესალმებიან ევროპელი ლიდერები. ემანუელ მაკრონმა, ჯორჯია მელონიმ, ფრიდრიხ მერცმა, დონალდ ტუსკმა, კირ სტარმერმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს.

ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებული მოლოდინი აქვს ევროკავშირის კიდევ ერთ წევრ სახელმწიფოს - სლოვაკეთის მთავრობის მეთაურს. რობერტ ფიცოს აზრით, მოლაპარაკებები რა ფორმითაც არ უნდა დასრულდეს, დაზარალებული მაინც კიევი დარჩება.

ფოლკლორული ალეგორიების ენით საუბარი დაუწუნა ფიცოს ოფიციალურმა კიევმა. საპასუხო წერილში, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ სლოვაკეთის პრემიერმა ვერ გაითავისა ის საფრთხეები, რასაც აგრესორ სახელმწიფოსთან ფლირტი იწვევს.

დაეთანხმება თუ არა პუტინი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, პროგნოზი რთულია, თუმცა კიევის მერი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნა დიპლომატიური გზით უნდა მოხდეს. უკრაინა, ვიტალი კლიჩკოს სიტყვებით, ომით ძალიან დაიღალა და უზარმაზარი ფასიც გადაიხადა - დანგრეული ქალაქები, დაღუპულები და დაჭრილები... ამიტომ, კლიჩკოს განმარტებით, შეთანხმება რუსეთთან, თუნდაც ტერიტორიების დათმობის გზით, შესაძლოა მშვიდობისკენ ერთადერთი გზა იყოს.

საერთაშორისო მედიაში აქტიურად იწერება, რომ თეთრი სახლი ალასკაზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევის საკითხსაც განიხილავს. უცხოური მედიის ცნობით, ტრამპი სამმხრივი შეხვედრისთვის მზადაა.

დღის ამბები