23 აგვისტო 2026,   01:23
ვრცლად
"დროა, ისწავლონ და დაიჯერონ, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა და აღარ არის მარტო ტერიტორია, რომელზეც უსასრულოდ უნდა ატარო რაღაც ექსპერიმენტები" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ამ ქვეყნების მთელ რიგ წარმომადგენლებს, არა სამართლებრივი პოზიცია გააჩნიათ საქართველოსთან დამოკიდებულებაში, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული დამოკიდებულება აქვთ", - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე,  ირაკლი ქადაგიშვილი საუბრობს.

ის ეხმაურება  ევროკავშირის პრეს სპიკერის, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, სადაც მითითებულია, რომ ჟურნალისტისთვის ორწლიანი პატიმრობის შეფარდება არაპროპორციული და პოლიტიზებულია.  

"ამ ქვეყნების მთელ რიგ წარმომადგენლებს, არა სამართლებრივი პოზიცია გააჩნიათ საქართველოსთან დამოკიდებულებაში, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული დამოკიდებულება აქვთ. მათ მიზანი რა იყო? - ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება არაკონსტიტუციური გზით. ამ საქმიანობაში იყო ჩართული, მათ შორის, უამრავი, მათივე დაფინანსებული ადამიანი, რომლებმაც დაარღვიეს კანონი და კონსტიტუცია. პირდაპირი შეტევა მიიტანეს, მათ შორის, პოლიციელებზე და პარლამენტზე. როდესაც ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ბუნებრივია, რომ მათ საკუთარი აგენტურის დახსნისათვის დაიწყეს ბრძოლა. ანალოგიური ქმედება მათ ქვეყანაში არის სასტიკად დასჯადი. აქედან გამომდინარე, ამ პათეტიკას დაანებონ თავი. ჩვენ ეს უკვე გვინახია საქართველოს თანამედროვე ისტორიაში მრავალჯერ. როდესაც გააპროტესტეს და მათ შორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოხდა, ფაქტობრივად, ყველა ამ საქმის წაღება და სასამართლომ დაამტკიცა, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი, მათ არავის არ უთქვამს, რომ საქართველოს რამენაირად ამ მიმართულებით ბოდიში უნდა მოვუხადოთ ან იგივე ქმედებები არ გავიმეოროთ. დროა, ისწავლონ და დაიჯერონ, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა და აღარ არის მარტო ტერიტორია, რომელზეც უსასრულოდ რაღაც ექსპერიმენტები უნდა ატარონ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

დღის ამბები