საქართველოს ბუნების, ქალაქებისა და ტურისტული ადგილების ამსახველი ფოტოები ევროპის წამყვანი ქალაქების ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და აეროპორტებში გამოჩნდა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 31 ქვეყანაში საერთაშორისო მარკეტინგული კამპანია დაიწყო. დეტალები მაია ომიაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. პრეზენტაციას სასტუმროების, ტურისტული კომპანიების და სერვისის მომწოდებლები დაესწრნენ.
ახალი მარკეტინგული კამპანია არა მხოლოდ საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას, არამედ საერთაშორისო ბაზარზე კერძო სექტორის პოზიციონირებას უწყობს ხელს.
მარკეტინგული კამპანია, კერძო სექტორს, შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ვებინარებში, გამართონ ორმხრივი შეხვედრები, ასობით ტურისტულ კომპანიასა და მედიის წარმომადგენელთან პარტნიორული ურთიერთობა დაამყარონ. აქტივობებში კერძო სექტორი მონაწილეობას სექტემბრიდან მიიღებს.
კამპანია ერთდროულად ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებზე, ყველა სტრატეგიულ ბაზარზე მიმდინარეობს. ის გარე რეკლამებს, სოციალურ ქსელებში აქტივობებს, ციფრულ და ბეჭდურ მედიაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებსა და ვიდეორგოლებს მოიცავს.