14 აგვისტო 2026,   05:43
ვრცლად
"გადაწყვეტილება მიღებულია ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ, სამი არბიტრის მონაწილეობით, ერთხმად. უნდა დასრულდეს სპეკულაციები, თითქოს ამერიკულ თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი" - ბექა ძამაშვილი ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე

"უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა," - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ანაკლიის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ვაშინგტონის არბიტრაჟმა, საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ქონია.

ბექა ძამაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ უნდა დასრულდეს სპეკულაციები, "თითქოს ამერიკულ თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი."

"ეს გადაწყვეტილება მიღებული არის ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ, სამი არბიტრის მონაწილეობით, ერთხმად.

მომჩივნების მიერ დანიშნულმა არბიტრმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინვესტორებს და ალბათ უკვე უნდა დასრულდეს სპეკულაციები თითქოს რაღაც ამერიკულ თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი.

დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა", - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

დღის ამბები