21 აგვისტო 2026,   15:18
ვრცლად
ვის ინტერესში შედიოდა "რუსული კვალი ამერიკის არჩევნებში" და დააკავებენ თუ არა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს - რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას?

ვის ინტერესში შედიოდა "რუსული კვალი ამერიკის არჩევნებში"? - ამას სპეციალური ჯგუფი გამოიძიებს, თუმცა წინასწარ უკვე დასახელდა შემკვეთად "დიფ სთეითი", ხოლო შემსრულებლად - ბარაკ ობამა. ამერიკის დაზვერვის ცნობით, სწორედ 44-ე პრეზიდენტმა შექმნა ყალბი დასკვნა, თითქოს ტრამპის გამარჯვება 2016 წლის არჩევნებში, რუსეთთან თანამშრომლობის შედეგი იყო, ფეიკ-ნარატივის განვითარებაზე კი აქტიურად მუშაობდა მედიაც. გამოძიებას შესაბამისი მტკიცებულებები აქვს.

ობამას პასუხისგებაში მიცემის ალბათობაზე, დღეს, თეთრი სახლიდან გამოსულ ტრამპს ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს.

თავად ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, "ფოქსნიუსთან" ინტერვიუში ისევ "დიფ სთეითზე" ისაუბრა და თქვა, რომ, ჯერ კიდევ მოქმედი გავლენების მიუხედავად, ბარაკ ობამას საქმეზე სიმართლე გაირკვევა.

მასშტაბური კამპანია რუსული იარლიყით რომ გლობალური ძალების საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდია, დიდი ხანია, ამტკიცებს "ქართული ოცნება", რომლის მისამართითაც, ასევე წლებია, ისმის მსგავსი ბრალდებები ოპონენტების მხრიდან. საკითხს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას თან დაურთო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, კობა ხაბაზის ვიდეოც, სადაც ის ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრორუსულად შეფუთვის კამპანია, "ქართული ოცნების" დისკრედიტაციის მიზნით, პარტიის დაარსებისთანავე დაიწყო. ამის მიზეზი, უმრავლესობის თქმით, არაფორმალური ჩრდილოვანი მმართველობის პოზიციებთან წინააღმდეგობა და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით მოქმედებაა.

შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესების საქართველოსთან დაკავშირებას ისევ რუსულ პროპაგანდას უწოდებენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ "დიფ სთეითი" ამერიკაში არსებობს და მას ბიუროკრატიის გაგება აქვს, ხოლო საქართველოში არ არსებობს და ის გამოგონილი თემაა.

"დიფ სთეითის" პროპაგანდისტული მეთოდი საქართველოში აღარ ჭრის - აცხადებენ სახელისუფლებო პარტიაში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ პრორუსულობის ყალბი ნარატივი ისევ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

ამერიკის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი "დიფ სტეითის" პრობლემის აღმოფხვრაზე პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრებს მართავს, იუსტიციის დეპარტამენტს მტკიცებულებებს აწვდის და ობამას დაპატიმრებასაც არ გამორიცხავს - ისევე, როგორც ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კადრები დონალდ ტრამპმა დაზვერვის სკანდალური ინფორმაციის გავრცელებისთანავე გააზიარა.

დღის ამბები