20 აგვისტო 2026,   14:35
ვრცლად
ოპოზიცია ისევ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოდის - ამჯერად ბოიკოტში მყოფებმა არჩევნებში მონაწილეებს პროტესტი რუსთაველის გამზირზე გამოუცხადეს და სცენიდან კარგად ნაცნობი სტრატეგია გაამხილეს, ბრძოლა მხოლოდ ქუჩაში

ეგზისტენციალური საფრთხისთვის მოქალაქეები თავად ხელისუფლების ოპონენტებმა გაწირეს. ოპოზიცია ისევ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოდის - ამჯერად ბოიკოტში მყოფებმა არჩევნებში მონაწილე ყოფილ კოლეგებს პროტესტი რუსთაველის გამზირზე გამოუცხადეს და სცენიდან კარგად ნაცნობი სტრატეგია გაამხილეს - ბრძოლა მხოლოდ ქუჩაში.

ერთმანეთის გაცნობამ ერთ დროს ერთ აზრზე მყოფები ორ ბანაკად გაყო. ასე შედგა ოპოზიციის მორიგი აქციაც, ისევ ერთმანეთის წინააღმდეგ. ოპონენტებად ქცეული კოლეგების პროტესტი გახარიას პარტიისთვის ისევ გაუგებარია.

ყოფილი პრეზიდენტის პარტიამ ერთ დროს კოლეგებს ჯერ მოღალატეები ეძახა, შემდეგ პოლიტიკურ მიცვალებულებად გამოაცხადა, ახლა კი მატყუარები უწოდა. გახარიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიებმა მიხეილ სააკაშვილის მოქმედი და ყოფილი თანაგუნდელებისგან მუქარაც მიიღეს.

გახარიას თანაგუნდელები ბრალდებებს არასერიოზულად აღიქვამენ. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია კი ბრალდებებს უპასუხოდ ტოვებს და მხოლოდ საარჩევნო მარათონში ჩართვას აანონსებს.

მაშინ, როცა ექსპრეზიდენტისა და ექსპრემიერის გუნდებს ერთმანეთში პოლიტიკური ომი აქვთ გამოცხადებული, "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება.

ორად გახლეჩილ ოპოზიციურ მოედანზე ერთმანეთს შორის დაპირისპირება, ხელისუფლებისთვის მორიგი შოუს ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ 4 პარტიის გზა ორად გაიყო, მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ბარიერგადალახულ გუნდებს ერთმანეთისგან რეალურად არაფერი განასხვავებთ.

მძიმე მარცხს უკვე ყოფილ კოლეგებს უანონსებს მიხეილ სააკაშვილის პარტიაც.

ერთი თვის წინ საქართველოდან წასული გიორგი გახარია თვითმმართველობის არჩევნებში ბრძოლას აანონსებს, თუმცა ბრძოლის ეფექტურ ადგილად არა თბილისს, არამედ ბრიუსელს მიიჩნევს.

გაქცევა და გაპარვა, ამას ხედავენ "ქართული ოცნების" ლიდერები გახარიას პოლიტიკური სვლის მიღმა. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გახარიას პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს, რაც უკვე არაერთხელ დადასტურდა.

ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების საფუძველი მუნიციპალური არჩევნები გახდა. 4 ბარიერგადალახული პარტიიდან 2-მა ბოიკოტში დარჩენა, 2-მა კი 4 ოქტომბრის საარჩევნო მარათონში ჩართვა გადაწყვიტა. თუმცა, ყველა მათგანმა მაინც მიმართა ცესკოს, რათა ერთ შემთხვევაში დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, მეორე შემთხვევაში კი იმისთვის, რომ არ დაკარგონ პარტიული ნომერი.

დღის ამბები