პოლიციამ აჭარაში ადევნების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების, ასევე მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან ურთიერთობის შეწყვეტით გაღიზიანებული ბრალდებული დაზარალებულ ქალს, სისტემატურად უთვალთვალებდა, როგორც პირადად, ისე მობილური ტელეფონის საშუალებით მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ქალის დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით, მისივე პერსონალური მონაცემების გამოყენებით სოციალურ ქსელში ვებგვერდები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას ეწეოდა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებული დაემუქრა დაზარალებულის ოჯახის წევრებსაც. დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.