ომი, რომელიც 1 241-ე დღეა გრძელდება - უკრაინის ტერიტორიაზე, რუსული მხარე საჰაერო შეტევებს არ წყვეტს, მთავარი სამიზნე კი ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობაა.
გასულ ღამით, ნგრევის ხმა ისმოდა ოდესაში, სადაც მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილ იერიშს, მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულებიც. მომხდარს დეტალურად იხსენებენ თვითმხილველები.
სანამ ოკუპანტი ქალაქებს ისევ ბომბავს, ადამიანები უსაფრთხო თავშესაფრებს ეძებენ. რთულ, თუმცა უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომელიც კიევის მეტროს გვირაბებსა და ბომბ-თავშესაფრებზე გადის - ის უკრაინელები საუბრობენ, რომლებმაც ომის მიუხედავად ქვეყანა მაინც არ დატოვეს.
ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობა გადარჩენისთვის იბრძვის, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ეჭვქვეშ დგება. პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის, გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ წინასწარი გათვლებით, 2 034 წელს კიევი, შესაძლოა, ევროკავშირის წევრი ვერ გახდეს.
საბრძოლო მოქმედებების ფონზე, წერილობით განცხადებას ავრცელებს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთისგან თავდაცვისუნარიანობის და უკრაინული სამხედრო ტექნიკის გასაძლიერებლად, ინვესტიციების აუცილებლობაზე საუბრობს.
უკრაინას ახლა სჭირდება მშვიდობა, თუმცა 2022 წლიდან დღემდე, რუსეთთან გამართული არაერთი მოლაპარაკების მიუხედავად, ევროპის კონტინენტზე 3-წლიანი ომი კვლავ გრძელდება. მხარეები, ცეცხლის უპირობო და სრულმასშტაბიანი შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ისევ ვერ აღწევენ.