რუსული ნავთობის ბარელის ფასის ზედა ზღვრის 60 დოლარიდან 47 დოლარამდე დაწევა, ჩრდილოვანი ფლოტის 105 ტანკერის სანქცირება, ""ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის" და ""ჩრდილოეთის ნაკადი- 2-ის" გაზსადენებთან დაკავშირებული ტრანზაქციების აკრძალვა, 22 რუსული ბანკის შავ სიაში შეყვანა და სპეციალური ზომები კრემლის სამხედრო ინდუსტრიასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის. ევროკავშირმა უკრაინაში წარმოებული ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთვრამეტე, ყველაზე მასშტაბური პაკეტი მიიღო.
რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ამ პაკეტს სლოვაკეთი ბლოკავდა, მიზეზი ევროკომისიის წინადადება გახდა, რომელიც ევროკავშირში 2028 წლიდან რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის სრულად კრძალავს. ბრატისლავა მიიჩნევდა, რომ ეს ზომა ენერგორესურსის დეფიციტს და ფასების ზრდას გამოიწვევდა. თუმცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გარანტიები მიიღო.
ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება კიევი. უკრაინის პრეზიდენტი ევროპელ მოკავშირეებს მადლობას უხდის და განმარტავს, რომ სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლას გაზრდის.
სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით, ოფიციალური მოსკოვის პოზიცია კრემლის პრესსპიკერმა გაახმოვანა. დიმიტრი პესკოვმა სატელეფონო კომენტარში თქვა, რომ რუსეთი სასანქციო ზომების გაანალიზებას გეგმავს.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ზეგავლენის შესუსტების მიზნით, სანქციების 18 პაკეტი აამოქმედა.