ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კულტურის სფეროს მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია - დედაქალაქის მერმა განხორციელებული პროექტები შეაჯამა. განათლება, რომ მთავარი პრიორიტეტია ამას ანგარიშში ასახული შედეგებიც ადასტურებს. მუნიციპალიტეტმა 19 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი სტუდენტი უკვე დააფინანსა, 5000-მდე მაგისტრანტი კი თბილისის მერიის სტიპენდიით სარგებლობს. ანგარიშში მოხვდა პროფესიული განათლების პროგრამა ისწავლე და დასაქმდი, რომლითაც 11 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
საზაფხულო ბანაკები და სტუდენტური ფესტივალები, რომელშიც მონაწილეობა 20 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, იმ პროგრამების ნაწილია, რომელიც ახალგაზრდების წახალისებას ემსახურება. პარალელურად გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სახელოვნებო სკოლების, მედიათეკების და ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია. ანგარიშში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სპორტის ხელშეწყობას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაეთმო.
დედაქალაქის მერის ანგარიში მოისმინეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პრემიერს შეფასებით, განხორციელებული პროექტები და მიღწეული პროგრესი ადასტურებს რომ დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება.
დედაქალაქის მერია კულტურის, განათლების და სპორტის მიმართულებით პროგრამების განხორციელებას აგრძელებს. სექტემბერში ვარკეთილში ახალი მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნება, რომელიც 10 000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება. რამდენიმე თვეში დასრულდება სპორტული კომპლექსის მშენებლობაც სოფელ დიდ ლილოში.